ირაკლი ქადაგიშვილი: ცვლილება ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ვერ დაუკავშირდება ერთმანეთს
“ცვლილება ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ერთმანეთს ვერ დაუკავშირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი იყო საკონსტიტუციო წესრიგი და უფლებამოსილების განსაზღვრის სწორად და ბოლომდე შესრულება.
“ეს ცვლილებები, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ძალაში შევა ნოემბრის ბოლოს, ხოლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლო კენჭისყრა შეიძლება, გაიმართოს ოქტომბრის ბოლოსთვის. მთავარი იყო საკონსტიტუციო წესრიგი და უფლებამოსილების განსაზღვრის სწორად და ბოლომდე შესრულება. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდით, საქართველოში შესაძლოა არაკონსტიტუციური ორხელისუფლებიანობა წარმოქმნილიყო. იქნება თუ არა 100 ხმა, ეს არ არის „ქართული ოცნების“ თვითმიზანი, ამასთან დაკავშირებით არანაირ სპეკულაციას და ვაჭრობას არ ვეწევით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.