განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება.
მომხსენებლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხი დარეგულირებულია კანონის მეოთხე თავით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას განსაზღვრას. მისი ინფორმაციით, მითითებული გარემოება ფილიალის მიერ ავტორიზაციის გავლის პროცესში ბუნდოვანებას იწვევს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხის რეგულირება გადაინაცვლებს კანონის სხვა თავში, რომელიც აწესრიგებს ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.