“დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს სამედიცინო ცენტრს მიღებული ჰყავს 450 დაჭრილი, მათი უმრავლესობის მდგომარეობა იყო მძიმე და მძიმედ რჩება. ასევე, გვყავს გარდაცვლილები”, – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქი, სადაც იმყოფება, ღაზას სექტორიდან 18 კილომეტრშია.
„ქალაქში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, გადაადგილება შესაძლებელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აუცილებელია. გვაქვს სპეციალური საშვები, რითაც გადავაადგილდებით, პერიოდულად გვამოწმებენ. ჩემი ქალაქი ღაზას სექტორიდან 18 კილომეტრშია. ცოტა რთული ღამე გვქონდა წუხელ, დაგვბომბეს, იყო რაკეტების პირდაპირი ვარდნა, იყო განგაშის სიგნალებიც. ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – აღნიშნა გოგბერაშვილმა.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.