მიხეილ სარჯველაძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტისგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა
“თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძემ თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხზეც ისაუბრა.
„ოპოზიციის მხრიდან საუბარი კონსპირაციაზე, ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ შიში აქვთ და გარიგებაზე მიმდინარეობს მუშაობს, არის არა ხელისუფლების მიმართ საყვედური, არამედ ის, რომ თვითონ ოპოზიციაში, საკუთარ რიგებში ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა. როგორც ჩანს, ამის გადაფარვას, სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ. მარტივად დგას საკითხი, მათ საკუთარი პოზიცია აქვთ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა ამ საკითხზე. მესმის და გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართლებრივი არგუმენტის მხედველობაში არ მიღება, არ იქნება ის, რაც დაამშვენებს ოპოზიციას.
მგონია, რომ ვინც ცდილობს, დააკავშიროს რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილების ინიციატივა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურული საკითხები, არათუ ცდება, არამედ ოდნავ ღრმა ანალიზის შემთხვევაშიც კი აღმოაჩენს, რომ ეს სწორი არ არის. რეალურად, შეუძლებელია, პროცედურული თვალსაზრისით ერთი მეორეს ელოდებოდეს, მოუსწროს ამ ცვლილებებმა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება. არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არის”,- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.