გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გამკაცრდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მალე რამდენიმე ეკიპაჟი დაემატება და გარემოსდაცვით კანონდარღვევებზე, განსაკუთრებით კი, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გამკაცრდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან რეგიონში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრის მოადგილისგან თანამშრომლებმა კონკრეტული დავალებებიც მიიღეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის გამკაცრების საკითხებს დაეთმო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაა. ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის და გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, მათი გამოვლენა და აღკვეთაა.