„სერტიფიცირებულ პედაგოგებს სკოლებში სამუშაო საათებს უმცირებენ“
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი სერტიფიცირებული პედაგოგების პრობლემებზე საუბრობს. როგორც რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელმა დღეს საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლის დირექტორები საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სამუშაო საათებს უმცირებენ. ყოფილი მინისტრი სკოლებში არსებულ პრობლემებს განათლების მინისტრის უსუსურობით ხსნის. „სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სკოლებში პრობლემები ექმნებათ. მაშინ, როდესაც ჩვენ გადავაბარეთ ხელისუფლება, საქართველოში იყო 60 000 მასწავლებელი, აქედან 20 000 იყო სერტიფიცირებული. ძალიან ბევრ სკოლაში სერტიფიცირებულ მასწავლებლებს არ აძლევენ საკმარისად საათებს, რათა მათ ნაკლები ხელფასი გადაუხადონ. სკოლის ვაუჩერული სისტემა, რომელიც ჩვენ დავტოვეთ მავნებელმა სანიკიძემ აურია. შესაბამისად, სკოლებს ფული არ ჰყოფნით და დირექტორებმა ყველაზე მარტივი გზა მოძებნეს. იმისათვის, რომ ნაკლები დაიხარჯოს, სერტიფიცირებულ პედაგოგებს საათებს არ აძლევენ, რითაც სახელფასო ფონდს ზოგავენ, სანაცვლოდ კი ნათესავ-მეგობრებს ასაქმებენ. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ თამარ სანიკიძე არის უსუსური მინისტრი, რომელმაც სამინისტროში თავისი დაქალები მოიყვანა. დაქალებთან ლაი-ლაით საქმე ვერ კეთდება“,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.