დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტის წარმომადგენლები უსუსური არგუმენტებით ცდილობენ პოზიციის დაცვას
გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული, როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომელიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული განხილვის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„პრეზიდენტის წარმომადგენლები უსუსური არგუმენტებით ცდილობენ, დაიცვან ის პოზიციები, რომლებიც სინამდვილეში პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტისთვის არის ცალსახა და გასაგები. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თვითონ აქვს არაერთხელ აღიარებული, როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე იმ წერილებსა და თხოვნებში, რომელიც მთავრობის მისამართით არის გაგზავნილი. ასე რომ, აქ რეალურად დიდი არაფერია გასარკვევი. ჩვენ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას და შემდგომ უკვე გაგრძელდება პროცესი“, –განაცხადა დავით მათიკაშვილმა.