გიორგი კალანდარიშვილი: უბნების გამსხვილება განხორციელდა და ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნებზე 3 ათასამდე გაიზარდა
როგორც იცით, უბნების გამსხვილება განხორციელდა, 3 ათასამდე გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ვერიფიკაციის აპარატები, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ამომრჩევლის რეგისტრაცია, მიბმულია ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
„როგორც იცით უბნების გამსხვილება განხორციელდა, 3 ათასამდე გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ერთი საარჩევნო ყუთი გვქონდა, ახლა ორი საარჩევნო ელექტრონული საარჩევნო ყუთი იქნება განთავსებული. კიდევ შესაბამისი რაოდენობის ამომრჩეველზე მეტის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია სამი ხმის მოთავსებისა და ხმების მთვლელი აპარატები იყოს განთავსებული. ეს ერთი, მეორე და მნიშვნელოვანი, ვერიფიკაციის აპარატები, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდება ამომრჩევლის რეგისტრაცია, ესეც მიბმულია ამომრჩეველთა რაოდენობაზე. რა თქმა უნდა ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკა გვაქვს შესწავლილი, გაანალიზებული და მინიმუმ ასეთი ორი აპარატი იქნება და მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩევლის რეგისტრაციის შემთხვევაში 5 აპარატი იქნება. ასევე, მთელი რიგი ნოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ ეს აპარატები არის ერთმანეთთან სინქრონიზებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან გვექნება ჩვენ გამოცხადების შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს უკვე გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რიგებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციურია, ემსახურება მითებისა თუ გარკვეული მოცემულობის შექმნას იმისთვის, რომ რაღაც ნეგატიური დატვირთვა იქონიოს ამ ელექტრონულ აპარატებთან მიმართებაში“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.