გიორგი კალანდარიშვილი: 9 ოქტომბრიდან სარჩევნო ადმინისტრაცია გადადის ამომრჩეველთა ინფორმირების ახალ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები იწყება

ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო მიუხედავად მისი მასშტაბისა. სულ 133 საარჩევნო უბანი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 103 საარჩევნო უბანი იყო ტექნოლოგიური, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში 1-ელ ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„2018 წლიდან საქართველოში არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების მერვე შესაძლებლობა გახლდათ. ის, რომ პირველ ოქტომბერს ამ სამ მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა არჩევნები, გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები დგას. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი, რომ ჩვენ სათანადო სტანდარტების მიხედვით მოგვეხდინა ამ არჩევნების დაგეგმვა და განხორციელება.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ძალაში შევიდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო სიღრმისეული კვლევა, რომელმაც იდენტიფიცირება გაუკეთა მთელ რიგ მიმართულებებს, გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ინსტიტუციის წინაშე დადგა. ამ კვლევის შედეგად შემუშავდა საკმაოდ მასშტაბური, კომპლექსური სტრატეგიული გეგმა, სადაც იდენტიფიცირებულმა გამოწვევამ განგვასაზღვრინა სამი სტრატეგიული პრიორიტეტი: ინსტიტუციური გაძლიერება, ტექნოლოგიური განვითარება და საარჩევნო გარემოს განვითარება. საარჩევნო გარემო გულისხმობს ამომრჩევლების ინფორმირებას, განისაზღვრა მთელი რიგი მიზნები, ამოცანები, ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად გაწერს იმას, როგორ მივალთ 2024 წლამდე, იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველთან მივიტანოთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი ნოვატორული პროექტების, რომელსაც ჩვენ არჩევნების მოდერნიზებას ვეძახით.

ვისარგებლებ თქვენი ეთერით და დავაანონსებ, რომ 9 ოქტომბრიდან იწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები და საარჩევნო ადმინისტრაცია გადადის ინფორმირების ახალ ეტაპზე. მასშტაბები მნიშვნელოვნად იზრდება და იხსნება ძალიან დიდი საინფორმაციო ველი ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, რომელიც გულისხმობს რას: 22 დედაქალაქში 20 მეტროს სადგურში ჩვენი აპარატები განთავსდება და მოხდება ამ ტექნოლოგიური საშუალებების საჯარო დემონსტრაციები. 12 ოქტომბრიდან ამასთანავე, იუსტიციის სახლებში და შსს-ს მომსახურების სააგენტოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან განთავსდება ეს აპარატები. მინდა მივმართო ამომრჩევლებს, მივიდნენ ამ აპარატებთან, სადაც იქნებიან ჩვენი გადამზადებული წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად აუხსნიან ამ აპარატების ფუნქციონალს. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველთან მივიტანოთ ინფორმაცია დაწყებული ბილბორდებით, გაგრძელებული კარდაკარ ფლაერების დისტრიბუციით“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა,  რისკები კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით დაზღვეულია და აპარატები კიბერსაფრთხეებთან მიმართებით მოწყვლადი არ არის, რაც პასუხობს ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები