მამუკა მდინარაძე: ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს.
„კონკრეტულად რა შედეგი გახსენდებათ ბოლო შეხვედრებიდან? ჩვენ კონკრეტული შედეგი გვაქვს: პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მან თქვა, რომ საქართველომ, კი არ შეუერთდეს და კი არ უნდა მიუერთდეს, უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, რომ დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და ეს ზიანი ყველაზე რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10 პროცენტი და ყველაზე ცუდი დათვლით შეიძლება 16-18 პროცენტსაც კი გასცდეს. ეს იყო შედეგი. თუ აინტერესებთ ამის მორალურ-პოლიტიკური მხარე, შედეგი ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ეს წამოიღო: მოგვიწოდა პირდაპირ, რომ რუსეთის წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ, კი არ მივერთებოდით ან გვერდის ავლის საშუალება არ მიგვეცა, რასაც ისედაც ვაკეთებთ, არამედ სანქციები დაგვეწესებინა, რასაც ბევრი სხვა არ აკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.