თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში
“პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს – რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და როგორი აუცილებელია, რომ იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და ეს ძალიან ცალსახაა”,- ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მიზანთან მიახლოებისთვის ყველაფერს აკეთებს.
“ამის საწინააღმდეგო უნდა წარმოგვიდგინოს მან, ვინც მოითხოვს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რათა მიგვაახლოოს ამ მიზანს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს არ არის დემაგოგია, ეს ჩემთვის გადამწყვეტია!”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.