გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, ორი მოქალაქე, მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ კეფალის სახეობის 34,65 კილოგრამი თევზი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავი, ჩოგანბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, 3 ერთეული აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 575 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 167 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები