ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ ხერმან ვან რომპეიმ განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“. როგორც ინტერნეტგამოცემა წერს, სანქციები უახლოეს დღეებში შევა ძალაში.
„ეს იქნება უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შეფასების გაანალიზების დრო“, – აღნიშნა რომპეიმ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დაამუშავა, წამყვან რუსულ სახელმწიფო ბანკებს და ნავთობკომპანიებს შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები კომპანია „გაზპრომნეფტს“, ასევე „გაზპრომბანკს“ შეეხება. ამ კომპანიებს 30 დღის მეტი ხნით ევროკავშირში ნებისმიერი სესხის ფორმის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. დაფინანსების მიღების ვადა კი 90 დღით განისაზღვრება. გარდა ამისა, იმ პირების სია გაფართოვდება, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ და ევროკავშირში აქტივებთან წვდომა შეეზღუდებათ. უცხოური პრესის ინფორმაციით, სიას დაახლოებით 25 გვარი დაემატება.