„სასამართლო ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დასწრება არის სავალდებულო და კარგი, დაგვეხმარება დასკვნის ჩამოყალიბებაში”,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
ტურავა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ერთთვიან ვადაში გამოცხადდება.
“თუ არ დაესწრება, ჩვენ ადგილზე თათბირით გადავწყვეტთ თუ როგორ მოვიქცევით. ამ შემთხვევაში მას ალბათ ეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ადგილზე, 9 მოსამართლის მონაწილეობით, თუ რამდენად სრულყოფილი იქნება განხილვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე, რამეთუ არის საკითხები კონსტიტუციასთან მიმართებით, რომლებზეც პასუხები შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდეს. თუ ასეთი საჭიროება დადგება დღის წესრიგში, მაშინ პლენუმის შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი დამატებით იყოს გამოძახებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება გამოვაცხადოთ ერთთვიან ვადაში“, – განაცხადა ტურავამ.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.