შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.