არჩილ თალაკვაძე: სინდისი გყოფნით და კოტე ზარნაძეს აბრალებთ იმას, რაც ჯერ გამოძიებას არ გაურკვევია?!
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც გჯერათ, რომ კოტე ზარნაძე ძალადობაზე შეკვეთებს აძლევს ვინმეს, მაგ სიმართლით შეგიძლიათ არჩევნებამდე მიხვიდეთ. სინდისი გყოფნით და კოტე ზარნაძეს აბრალებთ იმას, რაც ჯერ გამოძიებას არ გაურკვევია?!”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
თალაკვაძის თქმით, თუ ასე აპირებს “ნაცმოძრაობა” არჩევნებამდე მისვლას, ძალიან ცუდი შედეგით დაასრულებს.
„თვითონ იძიებენ, გამოაქვთ ვერდიქტი და თვითონ არჩევენ ადამიანებს, ვისაც უნდა მიუსაჯონ მსჯავრი და ამაზე ერთკვირიან სპეკულაციებს აგებენ. ისინი რომ რეალური პოლიტიკის სივრციდან გასული არიან და თავის პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, ეს ვიცით, მაგრამ რეალობა უნდა ვნახოთ. რეალობა არის ის, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ხელისუფლებამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინეს რეაგირება, დააკავეს ადამიანები, გამოძიება დაწყებულია. მინდა ვუპასუხო ასევე ჩვენს თანაგუნდელზე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრ კოტე ზარნაძეზე ბრალდებებს – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც გჯერათ, რომ კოტე ზარნაძე ძალადობაზე შეკვეთებს აძლევს ვინმეს, მაგ სიმართლით შეგიძლიათ არჩევნებამდე მიხვიდეთ. სინამდვილეში, კარგად იცით, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მკვლელობებს უკვეთდით, ადამიანებს აწამებდით სისტემურად, იბარებდით პროკურატურაში, ოჯახის წევრებს უპატიმრებდით, არაერთი საქმეა გახსნილი, რომ ანაკლიაში მოკლულები ჩაყარეთ, თქვენ სინდისი გყოფნით და კოტე ზარნაძეს აბრალებთ იმას, რაც ჯერ გამოძიებას არ გაურკვევია?! ეს ხალხი ხართ თქვენ, ასე გესმით კანონი და სამართალი და ამიტომ აგებთ უკვე მე-9 არჩევნებს. თუ ასე აპირებთ არჩევნებამდე მისვლას, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცუდი შედეგით დაასრულებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.