საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განიხილავს. საქმის არსებითი განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაიწყება.
„განხილვის საგანია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის შესახებ 1-ელ სექტემბერს განაცხადა.