ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
7-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩვენი მოწვევისთვის. საქართველოში არის ევროპული მეღვინეობის სტილი, ასევე, პატივს სცემენ მემკვიდრეობას და ტრადიციას; ამ ორის ნაზავი არის მშვენიერი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ქვევრის ღვინო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეღვინეები არიან ხელოვანები და ჩვენ, როგორც გამყიდველები და სომელიეები, ვართ ამბის მთხრობელები”, – აღნიშნა ჯგუფის წევრმა სანდრა სპოლდინგმა (Sandra Rose Marie Spalding).
ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინოს. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები მიიღეს ამერიკელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ გამართა.