აგრარულ საკითხთა კომიტეტში აგროდაზღვევის თაობაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი მთავარი მიზანია აგროდაზღვევის კულტურის გაზრდა, ბაზრის განვითარება და გრძელვადიანი მდგრადი სისტემის შექმნა.

მომხსენებლის ინფორმაციით, დინამიკაში გაიზარდა დაზღვეული ფართობები და დღეისათვის ეს 16 400 ჰექტარს შეადგენს. გაცემული პოლისების რაოდენობით, რეგიონულ ჭრილში ლიდერობს კახეთი, შემდეგ შიდა და ქვემო ქართლი, აჭარა და ა. შ, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება, რაც მათ შორის, ფერმერთა ცნობიერების გაზრდას უკავშირდება.
2022 წლიდან გაიზარდა ერთი ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი ფართობი და ზარალის შეფასების პროცესში ვიდეოჩანაწერების წარმოება, რამაც მომხსენებლის განცხადებით, მნიშვნელოვნად შეამცირა საჩივრების რაოდენობა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, აგროდაზღვევის სტაბილური განვითარებისა და სადაზღვევო ურთიერთობების სათანადო რეგულირების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის შესახებ კანონის შემუშავება. ეს მოსაზრება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ გაიზიარა. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით სასურველ შედეგს მიიღებენ.

„ვემხრობი კანონის შემუშავებას, რომელიც სექტორისთვის მნიშვნელოვანია და მასში აუცილებლად უნდა აისახოს სხდომაზე გამოთქმული წინადადებები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აგროკრედიტის, „დანერგე მომავლის”, ნებისმიერი სხვა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აგროდაზღვევა, რაც თავის მხრივ, გაზრდის მომგებიანობას, თავად ფერმერისთვისაც იქნება ძალიან სასარგებლო და სახელმწიფოც, რომელიც ამ სფეროს განვითარებაში დებს თანხას, იქნება დაზღვეული”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
სხდომის მუშაობაში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების, ასოციაციებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები