ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცეპრეზიდენტი ინსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცეპრეზიდენტი ინსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა.

„თქვენ გახსოვთ, აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ თავის დროზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენგან მოტივაცია გეტყვით, რა იყო. გვქონდა ინფორმაცია ვიცეპრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ პერიოდში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე კანონში და როგორც ჩანს, იმ ადამიანებსაც, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია. მათ სურდათ საბოტაჟი. დღეს ხომ გამოჩნდა ყველაფერი. ამაზე ღიად გვქონდა მაშინ საუბარი უმრავლესობის წევრებთან. სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები, ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციების გარეშე”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები