ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ავტომატურად იყო მიერთებული, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცემულ სანქციებს.
„დადგა ასეთი პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეეხო ეს საერთაშორისო სანქციები, რომელზეც ჩვენ ვერ ვიფიქრებდით თვეების წინ. დადგა რა ასეთი პრეცედენტი, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა, რომ ერთი მხრივ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული დავრჩეთ და საერთაშორისო სანქციების აღსრულების განუხრელი პრაქტიკა გაგრძელდეს და ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ. მეორე მხრივ, ეს აღსრულება მოხდეს იმდაგვარად, რომ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებები იყოს დაცული. ეს არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ან საქართველოს მთავრობას აწუხებს. სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა განვითარებულ სახელმწიფოში, სადაც სანქციების აღსრულება ხდება, სადაც უპირობოდ არიან სანქციების შემომღები, ან განმხორციელებლები, იქაც თავისი თავისებურებები ახლავს სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციიდან გამომდინარე სანქციების აღსრულებას. ჩვენ შემთხვევაში მოცემულობა იყო ასეთი, რომ ჩვენ ავტომატურად მიერთებული ვიყავით როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცემულ სანქციებს და ჩვენი დამატებითი მითითების გარეშე, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სანქცირებული პირი ან კომპანია აღმოჩნდებოდა ჩვენს საბანკო სისტემასთან შეხებაში, ხდებოდა ამ სანქციების ავტომატური აღსრულება ბანკების მხრიდან. ასეც მოხდა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში და პირველი კომუნიკაციაც, რამაც გარკვეული გაუგებრობა შექმნა, იყო იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, იმავენაირად მოხდა საქართველოს მოქალაქის მიმართ და ჩვენ არსებული ვითარება გავუზიარეთ მედიას, ვინც შეკითხვით მოგვმართა. ინერციით, როგორც იყო დაწესებული ეს მექანიზმი, ისე აღსრულდა, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რამდენად მართებულია ასეთი მექანიკური მიდგომა. აქ საუბარია სუვერენული ქვეყნის სუვერენული კონსტიტუციური უფლებამოსილებების აღსრულებაზე. გამოდის, რომ ჩვენ ამ სუვერენული უფლებების ნაწილზე უარს ვამბობთ, როდესაც ბრმად, ყოველგვარი მოკვლევის, სასამართლოს გარეშე, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვავრცელებთ სანქციას, რომელიც თავისი ბუნებით, ხშირად არის სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი“, – აღნიშნა თურნავამ.