“მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის ღია მუქარა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ გაჟღერდა, კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის, რომ ნათია თურნავა დაემორჩილა მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას” – პრეზიდენტი

„სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ – ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამგვარ მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია – ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა – ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად.

ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით – არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები