კახა ბექაური: ComCom-მა 2022 წელს სხვადასხვა პროექტებით მედიაწიგნიერებაში 7000-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კომისია უკვე მეხუთე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

სიტყვით გამოსვლისას, მან გასული წლის მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც EPRA-ს საბჭოს წევრებმა, ComCom-ის მიერ გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელეს. კერძოდ, თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისიის ორგანიზებით, საქართველოს სკოლებში აღინიშნა მედიაწიგნიერების დღე, სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო სიმულაციური თამაში და ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

გასული წლის პროექტებიდან, კახა ბექაურმა ონლაინ პლატფორმა „მედიის გასაღებზეც“ ისაუბრა, რომელიც ComCom-მა ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის შექმნა.

მისი თქმით, პროექტი ფინური მოდელის მიხედვით შემუშავდა, რომელიც ფილმების პოზიტიურ შინაარსზეა ფოკუსირებული და მოზარდებს ფილმებისა და ანიმაციების გააზრებაში უწყობს ხელს. კახა ბექაურის განცხადების მიხედვით, 2022 წელს, პლატფორმაზე 30 ქართული და 70 უცხოური ფილმის შესახებ განთავსდა ინფორმაცია.

„ფილმები სპეციალური ასაკობრივი კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს თან ახლავს ინდივიდუალური აღწერა, სადისკუსიო კითხვები და ინფორმაცია, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რათა მოზარდებს კრიტიკული და ანალიტიკური უნარები განუვითარდეთ“, – აღნიშნა თავმჯდომარემ და დაამატა, რომ „მედიის გასაღებს“ გასული წლის მანძილზე 40 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას და ამ პროცესში, სულ უფრო მეტი მხარე ჩაერთოს, რასაც, მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა – www.mediatsigniereba.ge ემსახურება.

„პლატფორმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე, მათ შორის საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებებისთვის ერთიან ონლაინ სივრცეს, ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მედიაწიგნიერების ონლაინ სივრცე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მედიაწიგნიერების მიმართულებით მუდმივად განახლებად ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსს სთავაზობს.

მისივე თქმით, გასულ წელს პლატფორმას 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

მედიაწიგნიერების პროექტებიდან კიდევ ერთი, რომელზეც კახა ბექაურმა პარლამენტარების ყურადღება გაამახვილა, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებაა“, რომელიც, მისი თქმით, ComCom-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ასევე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

„პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება განხორციელდა, შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი სასწავლო მოდული მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მან და დააზუსტა, რომ პროექტი მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება.

პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს, მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში სულ 900 მასწავლებელი, 500 სტუდენტი და 5722 სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზოვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები