ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, რუსეთი აღდგა თავისი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონური ძალების წინააღმდეგ.
ამის შესახებ მან კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე” თქვა, სადაც მას რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი მასპინძლობს.
„რუსეთი აღდგა თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად, რათა დაუპირისპირდეს ჰეგემონურ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთს“, – თქვა მან.
კიმის თქმით, ფხენიანი მხარს უჭერს მოსკოვის ყველა გადაწყვეტილებას და სურს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება.
„ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას და რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას“, – ხაზი გაუსვა მან.
კიმ ჩენ ინმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის ერთად იბრძოლებენ იმპერიალიზმის წინააღმდეგ და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
„ჩვენს მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ახლა ჩვენი ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა იქნება გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების მონაწილეობის და საჭიროების შემთხვევაში ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრაც შედგება.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ: პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი; საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი; ვიცე პრემიერმინისტრი, მრეწველობის მინისტრი დენის მანტუროვი; თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ; ვიცეპრემიერი ალექსეი ოვერჩუკი; ვიცეპრემიერი მარატ ხუსნულინი; ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი; ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე კოზლოვი.