ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია წელს მეშვიდედ გაიცემა

ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია წელს მეშვიდედ გაიცემა.
საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით, მეათე წელია ხორციელდება პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობებით ილიას სახელისადმი პატივის მიგებას და მისი ფიგურის კონიუნქტურის გარეშე წარმოჩენას ითვალისწინებს, თანამედროვე საზოგადოებრივი კონტექსტის გათვალისწინებით.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები სიმბოლური იქნება და გაიმართება მხოლოდ პროექტის უცვლელი ნაწილი კამპანიური ხასიათის აქცია-მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე.
შეკრებილი ადამიანები ფეხით გაივლიან ზუსტად იმ გზას, რა გზითაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართულმა საზოგადოებამ, რაც ილიას მკვლელობის დღის, როგორც საქართველოს ახალი ისტორიის ტრაგიკული თარიღის შესახებ ინფორმაციულობის ამაღლებას და მისი მნიშვნელობის გააზრების სტიმულირებას ითვალისწინებს.
წელს დაგეგმილი სხვა აქტივობები კი – „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ – გადაცემის ცერემონია და ლიტერატურული ინტერმედია „ილია – თავისუფლების იდეა“, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში, ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან გაიმართება.
ეს პირველი წელია, როცა პროექტის ცენტრალური ღონისძიებები თბილისს გარეთ დაიგეგმა. წლევანდელი არაორდინარული ფორმატი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: ორგანიზატორების სურვილი იყო, რომ ამ პროექტით გამოხმაურებოდნენ ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის თემას და სიმბოლურად ილიას იდეებზე საოკუპაციო ხაზიდან ესაუბრათ; ხოლო მეორე მიზეზს ჯერ არ ამხელენ და იგი ღონისძიების ერთ-ერთ სიურპრიზად რჩება.
საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებული სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიებას ცოცხალ რეჟიმში მხოლოდ ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები,„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, სპეციალური სტუმრები და ადგილობრივები დაესწრებიან შეზღუდული რაოდენობით. დანარჩენი მოქალაქეებისათვის კი, ლიტერატურული ინტერმედიის და „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით“ დაჯილდოების ღონისძიებისათვის თვალის დევნება „ფბ-ლაივით“ იქნება შესაძლებელი, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ სოციალური ქსელის გვერდზე.
„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“, რომელიც 2017 წელს დაარსდა, მინიჭებული აქვს მეცნიერს, ორიენტალისტს, ბიბლეისტსა და ლიტერატორ ზურაბ კიკნაძეს (2022), საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას (2021), ილიკო და ნინო სუხიშვილებს (2020), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას – SOVLAB (2019), მწერალსა და ესეისტს როსტომ ჩხეიძეს (2018), კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს (2017).
პრემიის მეშვიდე ლაურეატის ვინაობა კი, წელს, 12 სექტემბერს, გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები