ქუთაისს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და შპს.“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან, წყალტუბოს გამგებელთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში, განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რეაბილიტირებული ნაგავსაყრელის დათვალიერების შემდეგ, მათივე მონაწილეობით, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია ჩატარდა.
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, არსებული ნაგავსაყრელი არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. ტერიტორია არ იყო შემოღობილი, რაც იწვევდა ნარჩენების მთელს პერიმეტრზე გაფანტვას. ნაგავსაყრელის პოლიგონზე თავისუფლად გადაადგილდებოდა შინაური პირუტყვი, დაბინძურებული იყო ტერიტორიის შიგნით არსებული საირიგაციო არხი. რიონის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში ჩაედინებოდა. საკითხის შესწავლის საფუძველზე, შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები, განთავსდა სამეთვალყურეო გამშვები ჯიხური, გაკეთდა მანქანა-მექანიზმების ფარდული; დამონტაჟდა მძიმეწონიანი მანქანის სასწორი, სახანძრო ფარი, რენდერები და ამკრძალავი ნიშნები. ნაგავსაყრელის ირგვლივ მოეწყო წყალარინების არხები. განახლებული ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თიხოვანი გრუნტის მარაგის განთავსება, რომლითაც შემდგომში შეტანილი მყარი ნარჩენები გადაიფარება. რებილიტირებულ ნაგავსაყრელზე ნარჩენები სპეციალურ უჯრედებში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
დღეისათვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის მშენებლობა 2014-2017 წწ განხორციელდება. ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მყარი ნარჩენების არსებული პოლიგონი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები