“პროფესიული განათლება დასაქმებისკენ, ეკონომიკის განვითარებისკენ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზაა” – პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე მიმდინარეობს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე მიმდინარეობს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა, მათე ტაკიძემ განაცხადა.

“მინდა, პროფესიულ განათლებაზე ვისაუბრო. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე მიმდინარეობს. კოლეჯ “სპექტრს” მიღება 20 პოზიციაზე აქვს გამოცხადებული. მოგეხსენებათ, სამშენებლო- საინჟინრო კოლეჯი ვართ, შესაბამისად, მოთხოვნა ძალიან მაღალია.
ყველას, ვინც უკვე დარეგისტრირდა, მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო, ხოლო დანარჩენებს გთხოვოთ, მობრძანდეთ, დარეგისტრირდეთ, თქვენ გაქვთ შესაბამისი გარემო, რათა სასურველი პროფესია მიიღოთ. ასევე მინდა, ერთ პროფესიაზე გესაუბროთ. ესაა წყალარიანების სისტემა. ეს დუალური განათლების პრინციპია, გერმანული მოდელი გახლავთ. სტუდენტები განათლებას კოლეჯის და კომპანიის ბაზაზე იღებენ. მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, გარდა განათლების მიღებისა, კომპანიისგან სტიპენდიაც ენიჭებათ. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ რაიონიდან ჩამოსულ ყველა სტუდენტს, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა ექნება, მზად ვართ, ეს პრობლემა გადავუჭრათ. ისინი კოლეჯის საერთო საცხოვრისში იცხოვრებენ.

მინდა, მივმართო ყველას, ვისაც სურს, თავის თავი პროფესიულ განათლებაში გამოხატოს, ამის საშუალება 10 სექტემბრამდე გექნებათ. თქვენ წინაშე უამრავი, სხვადასხვა ტიპის არჩევანია, ბევრი მიმართულება და პროგრამაა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროფესია და ჩვენ მზად ვართ, შემდგომში შუამდგომლობა ბევრ ბიზნესთან გაგიწიოთ, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სჭირდებათ. თქვენი ანაზღაურებაც საქართველოს პირობებში საკმაოდ მაღალი იქნება. ასევე, ყურადღება მინდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით გავამახვილო. ჩვენთან უკვე ბევრი შშმ პირი დარეგისტრირდა და მადლობა მათ ნდობისთვის. მინდა, ამ რეგისტრაციის მიმდინარეობით 10 სექტემბრამდე ისარგებლოთ, ჩვენ პროფესიის არჩევაში დაგეხმარებით, ჩვენთან ყველა პირობაა იმისთვის, რომ შშმ პირებს ადაპტირებული გარემო ჰქონდეთ, მომზადებული პედაგოგები, ადმინისტრაციული კადრები ჰყავდეთ. გვინდა, ყველას შევუწყოთ ხელი, რათა საკუთარი თავის და ნიჭის რეალიზება მოახდინონ.

ასევე, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ უახლოეს პერიოდში, შემოდგომის ბოლოს საჩხერეში ახალი ფილიალი გვექნება. აქ მოკლევადიანი მომზადება- გადამზადების, სახელმწიფო- სასერტიფიკატო კურსები იქნება. პირველ ეტაპზე 3 მიმართულებას დავიწყებთ. ესენია შედუღება, ენერგეტიკა, ავეჯის კონსტრუირება სადურგლო მიმართულებებით.

პროფესიული განათლება დასაქმებისკენ, ეკონომიკის განვითარებისკენ, ჩვენი ნიჭის რეალიზებისკენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზაა”, – განაცხადა ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები