ლევან დავითაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია

„ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია, შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული.

„განახლებული აეროპორტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო”, – დასძინა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით – ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 %-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76 %-ით მეტია. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც – პანდემიამდე, 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები