Bloomberg: პრიგოჟინის იმპერია შოიგუს კონტროლს დაექვემდებარება
აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში “ვაგნერის” ყველა ოპერაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა.
ამის შესახებ Bloomberg-ი რუსეთის თავდაცვისა სამინისტროსა და კრემლში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პროექტებს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ორგანიზაცია განახორციელებს. ვინ უხელმძღვანელებს ამ ოპერაციებს, დაზუსტებული არ არის.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ იმუშავებს კრემლის მიერ დანიშნულ პირებთან და აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება რუსეთთან და არა – კერძო სამხედრო კამპანიასთან. აფრიკის სახელმწიფოს მეთაურის უფროსმა მრჩეველმა, ფიდელ გუანჯიკამ ხელმძღვანელობის ცვლილებას “პრეზიდენტ პუტინის გზავნილი” უწოდა.
წყაროები ამბობენ, რომ ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დაახლოებით 2000 „ვაგნერელი“ იმყოფება. ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ფაუსტინ-არჩანჯ ტუადერას მთავრობას და აკონტროლებენ ოქროს დიდ მაღაროს. აფრიკაში მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, პრიგოჟინმა იქ ააშენა „იმპერია, რომელიც გადაჭიმულია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სუდანამდე და მალიმდე“ და ის მთლიანად უნდა გადავიდეს რუსეთის სამხედრო სარდლობის კონტროლზე.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, გაზარდოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში. ლიბიაში, “ვაგნერელების” დაახლოებით ისეთივე კონტინგენტია – ისინი იქ დიდ ენერგეტიკულ ობიექტებს იცავენ. ცოტა ხნის წინ ლიბიას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იუნუს-ბეკ ევკუროვი ეწვია. წყაროები ამბობენ, რომ ის ასევე მონაწილეობდა რუსული ოპერაციების “ვაგნერიდან” უწყებისთვის გადაცემას.
Arab Weekly-ის ცნობით, ევკუროვმა გააფრთხილა ლიბიელი ლიდერები, რომ “ვაგნერელები” ახალ მეთაურს დაემორჩილებიან
კრემლის მეხოტბე ბლოგერის, სერგეი მარკოვის თქმით, ევკუროვი სირიასაც ეწვია და იქ პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შემდეგაც ჩავიდა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ გავლენის გადანაწილება „დაასრულებს იმ სისტემას, რომელმაც პრიგოჟინს საშუალება მისცა, მიეღწია საკმარისი დამოუკიდებლობისთვის, რომ აჯანყება მოეწყო”. ამავდროულად, პუტინი ვეღარ აირიდებს პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში რუსული ძალების ქმედებებზე.