,,რეალურად, პრეზიდენტის მიერ იგეგმებოდა ვიზიტები, რომლებსაც, როგორც ჩანს, დასაბუთება აკლდა და გამგზავრება რომ გამართლებულიყო, მოგვიანებით წარმოდგენილი იყო სტატუსის საკითხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს, წვლილი შეიტანოს სტატუსის მოპოვებაში, ვალდებულია, მთავრობასთან, პარლამენტთან შეათანხმოს და შემდეგ გადაწყვიტოს ვიზიტის საკითხი.
„ოპოზიცია კითხვას მანიპულაციურად სვამს, რას გააფუჭებს ვიზიტებში პრეზიდენტი. პირველ რიგში, მათ უნდა თქვან, რატომ მიაჩნიათ არასწორად კონსტიტუციის შესაბამისი დებულება. კონსტიტუციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საგარეო პოლიტიკის დამგეგმავი და განმახორციელებელი პარლამენტთან ერთად, არის მთავრობა. პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები კი შეზღუდულია და სავალდებულოა მთავრობის თანხმობა. როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გადასარევად იცოდა, რა იყო პრეზიდენტის ფუნქცია, კომპეტენცია და უფლებამოსილება. მსგავსი ვიზიტები როცა იგეგმება, ეს მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს. მოგვიანებით გაკეთებული ახსნა, თითქოს ვიზიტები, მოგზაურობები ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებისთვის იყო წამოწყებული, რათა რაღაც ფორმით წახალისებული იყოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ამ მიმართულებით წარიმართოს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, როცა ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ვიზიტებზეა საუბარი, ეს ყველაფერი ანტურაჟისთვის გამოყენებულ არგუმენტებს ჰგავს და არა რეალურ შინაარსს. რეალურად, იგეგმებოდა ვიზიტები, რომლებსაც, როგორც ჩანს, დასაბუთება აკლდა და იმისათვის, რომ გამგზავრება, მოგზაურობა გამართლებულიყო, მოგვიანებით წარმოდგენილი იყო სტატუსის საკითხი. ყველამ უნდა შევეცადოთ, ჩვენი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად დავგეგმოთ და არა პირიქით, ჯერ დავგეგმოთ და კონსტიტუციის ნორმები ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან მოვიყვანოთ.
პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, ვალდებულია, მთავრობასთან, პარლამენტთან შეთანხმდეს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტული ვიზიტის საკითხი და არა პირიქით, ჯერ დაგეგმოს, შემდეგ მიზეზები მოიგონოს, როგორ შეიძლება, შეუთანხმებლად გაემგზავროს გერმანიაში თუ ისრაელში. ჯერ დაგეგმა და შემდეგ დაიწყო, რით ახსნილიყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.