“ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი” – კალაძე
თბილისის მერმა ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან უხვი ნალექის შედეგად ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატბორილი იყო გზის მონაკვეთი და გადაადგილება შეუძლებელი იყო, თუმცა აღნიშნული მონაკვეთები გაწმენდილია.
მერის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობას გააგრძელებენ.
კალაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი, სანიაღვრე სისტემა მუშაობს, “მაგრამ იმდენი ნალექია, ვერ აუდის და გარკვეული პრობლემა არის გადაადგილების თვალსაზრისით”.