რუმინეთში ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილ ხანძარს აფეთქება მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა
რუმინეთში ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილმა ხანძარმა შაბათს 2 აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი დაშავდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სადგურზე მეორე აფეთქების შედეგად სულ მცირე 26 მეხანძრე დაშავდა.
შემთხვევა ქალაქ კრევედიაში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მოხდა.
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე პირი კი, ბუქარესტის საავადმყოფოებში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულებიდან რვას მძიმე დამწვრობები აქვს მიღებული, მათი გადაყვანა საზღვარგარეთ საავადმყოფოში იგეგმება.
ტერიტორიიდან 700 მეტრის რადიუსში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.