“ვიცოდი, რომ პრიგოჟინის მკვლელობა იგეგმებოდა და პუტინს ვუთხარი” – ლუკაშენკო
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში შეიტყო, რომ ევგენი პრიგოჟინზე თავდასხმას ამზადებდნენ და ინფორმაცია კრემლს მიაწოდა, ხოლო, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ “ვაგნერის” ხელმძღვანელი გააფრთხილა.
„უკანასკნელად, როდესაც საამიროებში ჩავფრინდით (იანვარ-თებერვალში), მივიღე ძალიან სერიოზული ინფორმაცია წყაროებიდან, მაგაზე უფრო ღრმა რომ არ შეიძლება, იყოს – რომ ევგენი პრიგოჟინზე თავდასხმა მზადდება. ორ საათში, ჩემი დავალებით, საამიროებში რუსეთის ელჩი იპოვეს და ჩემთან დაიბარეს. მე მას კრემლში შიფრული შეტყობინება მივაწოდე პუტინსა და ბორტნიკოვისთვის პრიგოჟინზე მოსალოდნელი მკვლელობის მცდელობის შესახებ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან ჰკითხა პრიგოჟინს, მოაღწია თუ არა ამ ინფორმაციამ მის ყურამდე, რაზეც “ვაგნერის” დამფუძნებელმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა მისი მკვლელობის მომზადების შესახებ.