ISW: “ვაგნერი” არსებობას შეწყვეტს

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ, ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის სავარაუდო მკვლელობის შემდეგ, დიდი ალბათობით, “ვაგნერი” აღარ იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა.

ISW ექსპერტები ამბობენ, რომ უცნობია, აპირებს თუ არა კრემლი “ვაგნერის” მთლიანად დაშლას, თუ მისგან პატარა ორგანიზაციის შექმნას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. თუმცა, “ვაგნერის”, როგორც კვაზი-დამოუკიდებელი ორგანიზაციის აღდგენა, კრემლის ერთგული ახალი მეთაურის ხელმძღვანელობით, შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო.

ინსტიტუტი ამბობს, რომ “ვაგნერის” მეთაურებს თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. ეს დუმილი შესაძლოა, გამოწვეული იყოს მათ რიგებში არსებული ქაოსითა და დაბნეულობით, ან დუმილის შენარჩუნების რუსეთის ხელისუფლების მკაფიო მითითებების გამო.

ISW ხაზს უსვამს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელობის დაღუპვა აჩვენებს, რომ კრემლი მტრულად იქნება განწყობილი მათ მიმართ, ვინც შეეცდება პარალელური სამხედრო სტრუქტურების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ პუტინი პრიგოჟინისგან წამებულს არ შექმნის, მაგრამ უტკინის სიკვდილი, სავარაუდოდ, “ვაგნერელებისთვის” გრძელვადიანი უკმაყოფილების საგანი იქნება.

ISW დიდი ხანია, აღნიშნავდა, რომ პუტინი თავს იკავებდა პრიგოჟინის გადაყენებისგან “ვაგნერის” პერსონალის გაბრაზების შიშით. ხოლო უტკინის სიკვდილი შესაძლოა, გახდეს რუსეთის სამხედრო ისტებლიშმენტსა და “ვაგნერის” ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს შორის კონფლიქტის ცენტრი.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ვაგნერის” ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უტკინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები