სუდანში, მას შემდეგ – რაც აპრილში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, შიმშილით, სულ მცირე, 500 ბავშვი დაიღუპა.
ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ში განაცხადეს.
გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანა 4,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
Save the Children იტყობინება, რომ მაისიდან ივლისის ჩათვლით, სულ მცირე, 316 ბავშვი, ძირითადად 5 წლამდე ასაკის, არასრულფასოვანი კვების ან მასთან დაკავშირებული დაავადებების გამო, უინგ-ნილის პროვინციაში გარდაიცვალა.
ბოლო რვა თვის განმავლობაში საავადმყოფოებში 2,400-ზე მეტი ბავშვი მწვავე არასრულფასოვანი კვების შედეგით – არასწორი კვების ყველაზე მომაკვდინებელი ფორმით მოათავსეს.
აღმოსავლეთ პროვინცია კადარიფში, სულ მცირე, 132 ბავშვი არასრულფასოვანი კვების გამო აპრილიდან ივლისამდე პერიოდში საჯარო ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე, 50 ბავშვი, მათ შორის – 20-მდე ჩვილი დაიღუპა ხარტუმის ბავშვთა სახლში კონფლიქტის პირველ ექვს კვირაში, რადგან ბრძოლების შედეგად, Save the Children-ის თანამშრომლებმა შენობაში მოხვედრა ვერ შეძლეს.
ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 108 დაწესებულებაში, რომელსაც ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საკვებით ამარაგებს საჭმელი, თითქმის ამოწურულია.
გაეროს სასურსათო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ სუდანის კონფლიქტმა და ეკონომიკურმა ვარდნამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 42%, ანუ 20.3 მილიონი ადამიანი – საკვებით დაუცველობის გამო, მწვავე დაავადების წინაშე აღმოჩნდა.
სააგენტოს ცნობით, აქედან, დაახლოებით 6,3 მილიონი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ერთი ნაბიჯი აშორებს “შიმშილის” ოფიციალური კლასიფიკაციისგან.