1-ლი სექტემბრიდან მართვის უფლების მიღების გამოცდებზე ცვლილებები ამოქმედდება
1-ლი სექტემბრიდან მართვის უფლების მიღების გამოცდებზე ცვლილებები ამოქმედდება. გამოცდებს ორი ნაწილი ემატება. კერძოდ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოქალაქეებმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ.
სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი კი ორეტაპიანი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს გამოცდების ჩაბარება როგორც დახურულ მოედანზე, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევთ. ახალი ცვლილებებით საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.