გარემოს ეროვნული სააგენტო: ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტზე, გეოლოგების ჯგუფმა არსებული სიტუაცია ადგილზე შეაფასა და შესაბამისი დასკვნა მომზადდება
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტზე, გეოლოგების ჯგუფმა არსებული სიტუაცია ადგილზე შეაფასა და შესაბამისი დასკვნა მომზადდება.
“მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული სიტუაცია. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გატარდა გაწმენდითი ღონისძიებები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.