“ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შემთხვევაში, „მაგრამ არა პუტინთან“.
ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში თქვა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია “ომისა და დიპლომატიის კომბინაციით” – უკრაინელმა გენერლებმა რუსული ძალები უკან დახევისკენ უნდა აიძულონ, იმ დროს, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიალოგზე ზრუნავს, როდესაც ეს შესაძლებელია.
კითხვაზე, უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შემთხვევაში მოსალოდნელია, თუ არა წლის ბოლომდე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, კულებამ თქვა, რომ საქმეების მოგვარების ირიბი გზებიც არსებობს.
„მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ ვერასდროს ვიხილავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.