ნიგერში მეამბოხეთა ლიდერმა ახალი მთავრობა წარადგინა
ნიგერში მეამბოხეთა ლიდერმა, გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ, განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ ActuNiger იტყობინება.
კაბინეტს 21 მინისტრი ჰყავს, ამავდროულად წარმოდგენილი სიის მიხედვით, სამხედრო წოდებები მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს.
ქვეყნის პრემიერმინისტრად ლამინ ზეინ ალი მაჰამანი დაინიშნა, რომელიც 2003 – 2010 წლებში ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების გამო თანამდებობა დაკარგა. ბოლო დროს ახალი პრემიერმინისტრი აფრიკის განვითარების ბანკის წარმომადგენელი იყო ჩადში, კოტ-დ’ივუარსა და გაბონში. ის მთავრობის მეთაურის პოსტს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობასთან ერთად შეითავსებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაქარა იაუ სანგტარე გახდა, რომელიც მანამდე გაეროში ნიგერის წარმომადგენელი იყო.
თავდაცვის მინისტრი, გენერალი სალიფუ მოდია, რომელიც 2000 წლიდან -2023 წლის აპრილამდე გენერალური შტაბის უფროსი იყო.