აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “ვაგნერი” ცდილობს ნიგერში შექმნილი ვითარებით ისარგებლოს.
ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.
ბლინკენი არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში გადატრიალების პროვოცირება რუსეთმა ან “ვაგნერმა” მოახდინეს, თუმცა, აშშ შეშფოთებულია, რომ ამ კერძო კომპანიამ საჰელის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა “თავი გამოიჩინოს”.
„ვფიქრობ, ის, რაც მოხდა და ხდება ნიგერში, არ იყო პროვოცირებული რუსეთის ან “ვაგნერის” მიერ, მაგრამ, ისინი შეეცადნენ ამით ესარგებლათ. ყველგან სადაც არ უნდა წასულიყო “ვაგნერი” მას მოაქვს სიკვდილი, განადგურება და ექსპლუატაცია. უსაფრთხოების დონე დაეცა და არა გაიზარდა“, – თქვა დიპლომატმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ “ვაგნერის” მოსვლასთან ერთად „მეორდება ის, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, სადაც მათ თან მხოლოდ ცუდი რამ მოჰქონდათ“.
BBC წერს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში “ვაგნერის” რამდენიმე ათასი მებრძოლი იმყოფება. რუსული კერძო კამპანია აქ იცავს თავის ბიზნეს ინტერესებს და ასევე ეხმარება ამ სახელმწიფოების დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას რუსეთთან.
“ვაგნერის” მებრძოლებს ადანაშაულებენ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების ფართოდ დარღვევებში. ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, ნიგერის ამბოხებულებმა დახმარებისთვის “ვაგნერს” მიმართეს, რადგან ქვეყანას მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო ჩარევა ემუქრება.
ნიგერში სამხედრო გადატრიალება 26 ივლისს მოხდა, როდესაც ამბოხებულებმა პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დააკავეს, მოგვიანებით გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა.
სამხედრო გადატრიალება დაგმეს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე გაერომ და აშშ-მა.
გასულ კვირას, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური გაერთიანების (ECOWAS) ქვეყნებმა აჯანყების ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობაზე პრეზიდენტი, მოჰამედ ბაზუმი არ იქნება აღდგენილი, ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ.
საპასუხოდ, ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ნიგერის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაიცვან ქვეყანა და საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება “ენერგიული და მყისიერი პასუხი”.
8 აგვისტოს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფრიკის ქვეყნებმა, კერძოდ, ნიგერიამ, სენეგალმა, ბენინმა და კოტ დ’ივუარმა, ნიგერში, შესაძლოა 25 ათასი სამხედრო გაგზავნონ. მათი უმეტესობის მობილიზებას კი ნიგერია მოახდენს.
ნიგერში ამბოხებულებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ორი დღის წინ ჩავიდა. ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მას უარი უთხრეს.
ნიგერის დატოვებამდე ნულანდმა თქვა, რომ სამხედროებთან შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ ის ჯერჯერობით წარუმატებელი იყო, ვინაიდან ვერ მოხერხდა კონსტიტუციურ ჩარჩოში მათ დაბრუნებაზე დათანხმება.
”ეს საუბრები იყო ძალიან გულწრფელი და ზოგჯერ საკმაოდ რთული. ეს იყო პირველი საუბარი, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა თავისი შუამავლობა, თუ გადატრიალებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნების სურვილი ექნებათ,” – თქვა მან.
ნულანდმა აღნიშნა, რომ სამხედროებს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, ასევე ნათლად აჩვენა აშშ-სთან ურთიერთობის შედეგებზე, თუ ნიგერი არ აღადგენს ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე, ან მეზობელი მალის გზას დაადგება, “ვაგნერთან” თანამშრომლობის ჭრილში.
„იმედი მაქვს, რომ დიპლომატიის კარი ღია იქნება. ჩვენ გავაკეთეთ ასეთი შეთავაზება. ვნახოთ. ადამიანებმა, რომლებმაც ეს ქმედებები განახორციელეს, კარგად იციან, თუ რა საფრთხეს უქმნის მათ სუვერენიტეტს “ვაგნერის” მოწვევა”, – თქვა მან.
ტყვეობაში მყოფმა პრეზიდენტმა ბაზუმმა, ასევე გამოთქვა შეშფოთება აფრიკაში “ვაგნერის” მზარდი გავლენის გამო.
„მთელი ცენტრალური საჰელის რეგიონი, შესაძლოა მოხვდეს რუსეთის გავლენის ქვეშ “ვაგნერის ჯგუფის” მეშვეობით, რომლის სასტიკი ტერორისტული მეთოდები საკმარისად იქნა დემონსტრირებული უკრაინაში“, – დაწერა ბაზუმმა Washington Post-ისთვის სტატიაში.
ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი იმყოფება თუ არა “ვაგნერი” ნიგერში, თუმცა კომპანიასთან დაახლოებულმა ტელეგრამის-არხმა Grey Zone-მა 7 აგვისტოს დაწერა, რომ, დაახლოებით, 1 500 “ვაგნერელი” აფრიკაში გაემგზავრა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული მებრძოლთა ჩასვლის ქვეყანა.
ნიგერი ურანის მთავარი მწარმოებელი სახელმწიფოა, ის მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის მიგრაციის მთავარ გზაზე.
ეს ქვეყანა ასევე დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო და გადატრიალებამ გამოიწვია ანტიფრანგული და პრორუსული განწყობის ტალღა, რომლის მსგავსი იყო მეზობელ მალისა და ბურკინა ფასოში. იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ, ქვეყნებმა მოსკოვთან კავშირების გამყარება დაიწყეს.