“გულმა ვერ გაუძლო ამხელა სტრესს” – სტიქიის ზონაში პოლიციელი გარდაიცვალა
შოვში, სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში. მათივე თქმით, “გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს”.
სამართალდამცველის გარდაცვალებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.