საბერძნეთი ტურისტებს, რომლებმაც შვებულება ხანძრების გამო შეწყვიტეს, უფასო დასვენებას სთავაზობს
საბერძნეთი ტურისტებს, რომლებმაც როდოსზე ხანძრების გამო თავიანთი შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტეს, კუნძულზე ერთკვირიან დასვენებას უფასოდ სთავაზობს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ვითარება “ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა”, მაგრამ ხელისუფლებას ესმის, რომ სტიქიამ ტურისტებს “გარკვეული უხერხულობა შეუქმნა”.
„ყველას, ვისი არდადეგები ტყის ხანძრების გამო შეწყდა, საბერძნეთის მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შესთავაზებს ერთკვირიან უფასო დასვენებას როდოსზე მომავალ გაზაფხულზე ან მომავალ შემოდგომაზე, რათა ისინი დაბრუნდნენ კუნძულზე და დატკბნენ მისი სილამაზით”, – თქვა პოლიტიკოსმა.
მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ტყის ხანძრები არ არის უჩვეულო, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ მათი ინტენსივობა გაზარდა.
საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან, მასშტაბური ხანძრის გამო, 20 ათასამდე ტურისტის ევაკუაცია მოხდა.