გიორგი ცუცქირიძე: სებ-ს მონეტარული განაკვეთი ერთბაშად 2 %-ით რომ დაეწია, ამ კრიტიკას საფუძველი ექნებოდა, შესაბამისად, მონეტარული განაკვეთების დაწევა ეკონომიკისთვისაც კარგია და მოსახლეობისთვისაც

“საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, მონეტარული განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირებაზე, წლიური 10.5 % დან 10.25 პროცენტამდე, ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის, ძირითადი მაკროფაქტორების გაუმჯობესების და რაც მთავარია ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამასთან, სასაქონლო და მომსახურების ექსპორტის ზრდის შედეგად გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს, რაც გასულ წლებში მთლიანი ინფლაციის 70-80 პროცენტსაც კი შეადგენდა, ენერგო მატარებლებსა და სასურსათე პროდუქციაზე ფასების ზრდის შედეგად, რაც პანდემიასთან და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, სტაბილური პოლიტიკური გარემო და კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ქმნის კარგ წინაპირობებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლისათვის. და რასაც ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ახორციელებს.

მონეტარული განაკვეთის შემცირება პოზიტიურად აისახება როგორც დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთზე, ასევე დაკრედიტების მოცულობის ზრდაზე და პირველ რიგში რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე, რაც 1 ივლისის მონაცემებით 73100 სესხია, საშუალოდ 13.73%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3 548 მილიონი ლარია და რაც ნიშნავს, რომ ყველა ამ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ასეთი 118 000 -ია, 0. 25 პროცენტით შეუმცირდა ბანკის მომსახურების პროცენტი. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ცალკეულ ექსპერტთა კრიტიკა საპროცენტო განაკვეთების დაწევაზე, თითქოსდა ნაადრევი იყოს, მაშინ როდესაც ინფლაცია წლის დასაწყისიდან არის მკვეთრად შემცირებული, ხოლო ბოლო 2 თვეში 1 პროცენტზე დაბალია, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები არ იძლევა ფასების მკვეთრი ზრდის რაიმე სერიოზულ ნიშნებს! სებ-ს მონეტარული განაკვეთი ერთბაშად 2 %-ით, რომ დაეწია, ამ კრიტიკას საფუძველი შეიძლება ჰქონოდა. შესაბამისად, მონეტარული განაკვეთების დაწევა ეკონომიკისთვისაც კარგია და მოსახლეობისთვისაც. მოქმედი კანონმდებლობით ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას სწორედ ფასების სტაბილურობა წარმოადგენს.

ამ ტიპის შეფასებები იმ თვალსაზრისითაც არის გაუგებარი, რომ სულ ცოტა ხნის წინ წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამასთან, S&P Global Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბანკები უფრო ნაკლებ ეკონომიკურ რისკებს აწყდებიან, ვიდრე რეგიონული ბანკები. აღდგენილი ტურიზმი, კაპიტალის და რუსეთიდან მიგრანტებისა შემოდინება მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივებს. 2023-2024 წლებში საქართველოს აქვს ხელსაყრელი მაკროეკონომიკური ზრდის პერსპექტივები რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად.

მთლიანობაში 1-ელი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 19.53%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი – 18.05%-იანი განაკვეთით, ხოლო ბიზნეს სესხები 14.5 პროცენტშია საშუალოდ გაცემული”,- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები