ერდოღანი და პუტინი თურქეთში კრემლის ლიდერის ვიზიტზე შეთანხმდნენ
თურქეთის და რუსეთის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს თურქეთში, ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჯეპ თაიპ ერდოღანის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დაძაბულობა. მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის „მშვიდობის ხიდად“ ხედავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საუბრისას ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მარცვლეულის ფასები, რომელიც გარიგების ძალაში ყოფნის დროს 23%-ით შემცირდა, მისი შეწყვეტისთანავე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა.
კრემლში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ – გააგრძელონ კონტაქტები, მათ შორის, შეხვედრისთვის მზადება.