ირაკლი ზარქუა – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

“მე ასე ვიტყოდი, რომ ცრუ და უპასუხისმგებლოა, რა განცხადებაც ამ თემაზე საელჩომ გააკეთა და მე ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რადგან “ფარას” დოკუმენტში ეწერა. “ფარას” დოკუმენტში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში და თემაში. თუ რაიმე კითხვები აქვთ, საელჩოს ან ვინმეს, მიმართონ კოლეგებს თეთრ სახლში, თუ “ფარას” ადმინისტრაციაში და ჰკითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?! შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი. ესაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ასე რომ, არავის მივცემთ უფლებას, უსაფუძვლოდ ამ ტონალობაში გველაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი იქნება გაწონასწორებული, სამართლიანი, ობიექტური და ქართველი ხალხის მეგობარი, არა კონკრეტული პარტიის, ოპოზიციონერი ხელმოცარულების, არამედ საქართველოს მეგობარი”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები