ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის შეფასება წარმატებით გაიარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ რეაკრედიტაცია გაიარა; ასევე, ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა აკრედიტირებული პარამეტრების ნუსხა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და საერთაშორისო სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით. ქიმიური და ბიოლოგიური კვლევების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და რომელსაც უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.