საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის სამეფოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს.