გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში).