არჩილ თალაკვაძე: პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის

„პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ დარბაზში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” მმართველობის მთელ პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ჰქონდა.

„არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ, ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. ახლაც კი შუალედური არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?” – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ სასამართლო რეფორმაც წარმატებულია.

„გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა მოუგო ყოფილ დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება ან რა გამოხმაურება გქონდათ საერთოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით?” – მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ. მისივე მოსაზრებით, რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს. „ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ახალი ამბავი ახლა გაიგეთ? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას ეს ძალიან დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო. ეს არის სწორედ ფარისევლობა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები