„ხელოვნების სასახლის საგანძური“ – ხელოვნების სასახლეში გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენა – „ხელოვნების სასახლის საგანძური“ – გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელიც მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი, ხალხური, გამოყენებითი ხელოვნების იმ კოლექციებს ეძღვნება, რომელიც 2021 წელს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. სასახლე მეორე გამოფენასაც მასპინძლობს – სამინისტროს მიერ მუზეუმისთვის შეძენილი უნიკალური ნახატების ექსპოზიციას.
გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„უნიკალური საგანძური ავარიულ ნაგებობაში (ყოფილი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის შენობა) ინახებოდა, ვერცხლისა და ქსოვილის კოლექციების საცავი მდებარეობდა ნულოვან სართულზე, სადაც კედლებიდან ცვიოდა ბათქაში, სახურავიდან კი ჟონავდა წყალი. 2021 წელს სწორედ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაწყვეტილებით სამუზეუმო ექსპონატების სათანადო დაცვისა და გამოფენისთვის, ხელოვნების სასახლის მომიჯნავედ შეიძინეს ისტორიული შენობა, რომელსაც ჩაუტარდა რემონტი, მოეწყო საფონდო სივრცეები, სამუშაო ოთახები და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ყოფილი მუზეუმის კოლექციები კეთილმოწყობილ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში განთავსდა.
სწორედ აღნიშნულ საგანძურს მასპინძლობს ახლა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები. ექსპოზიციისთვის, ხელოვნების სასახლის მიერ, საგანგებოდ რესტავრირდა ლატვიელი საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფის, მხატვრის, პედაგოგის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოს თანამშრომლის, იული სტრაუმეს, ჩანახატებით შექმნილი სამუზეუმო ვიტრინები.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს კავკასიის კუსტარული კომიტეტის მოღვაწეობისა და მის შემდგომ პერიოდში ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შექმნილ ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს. ექსპონატთა მრავალფეროვნება ეროვნული კულტურის საგანძურს დიდებულად წარმოაჩენს; კერძოდ, საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილია: ქართული „ოქრომქანდაკებლობის“, ხალიჩებისა და იმ ესკიზების ნიმუშები, რომელთა მიხედვითაც ხალხური რეწვის მუზეუმთან (შემდგომში ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი) არსებულ საცდელ სახელოსნოებში ქმნიდნენ ნამუშევრებს ხალხური რეწვის ოსტატები. წარმოდგენილი ექსპონატები გამორჩეულია თავისი მაღალმხატვრული, ხელოვნების ნიმუშებისთვის მახასიათებელი ნიშნებით და, ამავდროულად, ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშებია.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის პარალელურად გაიმართა კულტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის პირველ ნახევარში ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი უნიკალური კოლექციების პრეზენტაცია. ახალ ექსპონატებს შორისაა განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიგო გაბაშვილის მიერ დახატული „ელენე ჩერქეზიშვილ-მაჩაბლის პორტრეტი“, უნიკალური ესკიზები მულტიპლიკაციური ფილმებიდან „ჩხიკვთა ქორწილი“ და „წუნა და წრუწუნა“; მუზეუმისთვის შეძენილ ნივთებს შორისაა XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვრის მარიამ ამილახვრის ძვირფასი ტილო „პასტორალი“. მარიამ ამილახვრის ფუნჯით შექმნილი ნამუშევრებიდან დღემდე მხოლოდ ორი იყო შემორჩენილი და ისინი ზუგდიდის დადიანების სასახლესა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. „პასტორალს” უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული მხატვრობის ისტორიის შესწავლისთვის, ნაკლებად ცნობილი ქალი მხატვრის ბიოგრაფიის კვლევისთვის.
ინფორმაციისთვის: 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო. მათ შორის 500-მდე ექსპონატი იქნა შეძენილი ხელოვნების სასახლისთვის.
კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენილი უნიკალური კოლექციების ნახვა დამთვალიერებელს სამი თვის მანძილზე შეეძლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები